კალათა 0
%
7.50 L15.00 L
სიყვარულის უნარი
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნი+ერი

ISBN: 9789941934964

გვერდები: 144

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


„ვერა და ვერ გაგვიგია, რა არის სიყვარული“ _ საყვედურით ამბობს რილკე თავის ერთ-ერთ ადრინდელ ლექსში. და, რაკი პარტნიორი წყვილების თერაპევტად ვმუშაობ, მინდა გითხრათ, რომ ამ საყვედურის მოსმენა თითქმის ყოველდღიურად მიწევს. მართლაც, რა ხდება იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი ერთად ასრულებს პარტნიორული შეთანხმების პირობებს? სად შეიძლება ვეძებოთ ამ დროს მათ წინაშე უეცრად წამოჭრილი პრობლემების მიზეზები? ეს ის საკითხებია, რომლებზეც პარტნიორულ წყვილებს, როგორც წესი, პასუხის გაცემა უჭირთ. ამიტომაც ვფიქრობ, ნეტავ შემეძლოს ეს წიგნი თითოეულ მათგანს შევთავაზო და მისი წაკითხვა ვაიძულო-მეთქი.


ამ წიგნის საშუალებით, ნებისმიერი ასაკის ადამიანებს ათობით წლის გამოცდილების მქონე თერაპევტი ესაუბრება. იგი მარტივად და ნათლად გამოთქვამს აზრებს და თითქმის არ იყენებს სპეციალურ ტერმინებს; მაგრამ, თუ იშვიათად მაინც მოიშველიებს მათ, მარტივი სიტყვებით იქვე გაგვიმარტავს მათ მნიშვნელობებს. ავტორი სიყვარულზე მსჯელობისას არ მოუხმობს სხვადასხვა თეორიას და გულთბილად, გრძნობით, დროდადრო კი თანაგრძნობითაც გვესაუბრება მასზე და მკითხველი მაშინვე ხვდება, რომ ავტორი მოხიბლულია სიყვარულით, ამიტომაც გულდასმით იკვლევს მის რთულ, სიღრმისეულ სფეროებს; ამასთან, იგი დღის სინათლეზე გამოუხმობს იმ პარადოქსებსა და სიძნელეებს, რომლებსაც შეყვარებული ადამიანი ყოველ ნაბიჯზე აწყდება. ამის გამო წიგნს შეიძლება „სიყვარულის სახელმძღვანელოც“ კი ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, მისი წაკითხვის შემდეგ, სიყვარულთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მაშინვე მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ აღნიშნავს რიმანი ხაზგასმით, რომ სიყვარული ქმედებაა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებისა და ქცევების საკუთარი სფერო გააჩნიაო. ეს ქმედებები, წიგნის კითხვისას, სიყვარულის იმდენ ასპექტსა და წახნაგს გამოავლენს ჩვენ წინაშე, რომ საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიის წყალობით ვხვდებით, სინათლის ახალ-ახალი სხივები როგორ მოემართება ჩვენკენ.

ჩემთვის წიგნში განსაკუთრებით ფასეულია ის ადგილები, სადაც რიმანი ადგენს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ბავშვობის დროს ოჯახში განცდილ სიყვარულსა და იმ სიყვარულს შორის, რომელსაც ადამიანი შემდგომ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განიცდის. ამასთან, რიმანი ამ ზრდასრული სიყვარულის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზეც მიუთითებს. იგი მხოლოდ სიყვარულის განსაკუთრებულ შემთხვევებზე კი არ გვესაუბრება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ უამრავი სასიყვარულო კავშირების სახეობებსაც წარმოგვიდგენს, რომლებიც ზრდასრულ სიყვარულს გამოხატავს. ავტორი გვეუბნება, რომ სიყვარულს მოფრთხილება სჭირდება, რომ სექსუალობა საწყისშივე შეიცავს სიყვარულის ელემენტს, თუმცა მოგვიანებით ემიჯნება მას. რიმანი იმ გავლენებსაც აღწერს, რომელთაც განიცდის ქალიშვილი მამასთან, ხოლო ვაჟიშვილი დედასთან ურთიერთობისას. იგი განმარტავს ასევე, რა პირობებში ხდება პარტნიორის არჩევა ზრდასრული სიყვარულის დროს, როგორ უწყობს სიყვარული ხელს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას. სიყვარულთან დაკავშირებულ კიდევ მრავალ საკითხს უყვება დამაჯერებლად ავტორი მკითხველს ამ წიგნში. ვისაც რიმანის ბესტსელერი „შიშის ძირითადი ფორმები“ წაუკითხავს, მას განსაკუთრებით გაახარებს ჩვენი წიგნის იმ თავთან შეხვედრა, რომლის სათაურია „შიში, რომელიც სიყვარულს ამუხრუჭებს“. ამ თავში რიმანი ისევ და ისევ იმეორებს თვალსაზრისს, ზრდასრული სიყვარულის შესახებ რომ გამოთქვა თავის მთავარ წიგნში. მკითხველისათვის ცხადი ხდება, რომ ავტორი დეფიციტებზე ორიენტირებულ დაკვირვებებს არ სჯერდება და დიაგნოზის დასმის დროს ადამიანის ეგზისტენციალური კვლევის მთავარ ორიენტირად სწორედ ტრადიციული, სიღრმისეული ფსიქოლოგიის კატეგორიები მიაჩნია; ამასთან, მათ ინტერპრეტაციას ახლებურად ახდენს.
სიყვარულის უნარზე დაწერილი ეს წიგნიც სწორედ ამ ნიშნითაა აღბეჭდილი და ამიტომ თავად რიმანის შემოქმედება პირდაპირ ეხმიანება როგორც რესურსებზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის საწყისებს, ასევე პარტნიორული წყვილებისა და ოჯახური თერაპიის პრობლემებს.
ვფიქრობ, წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს იმ პარტნიორულ წყვილებს, რომლებიც მას ერთად წაიკითხავენ. ამით ისინი საკუთარ ურთიერთობებს მხოლოდ გააღრმავებენ და გაამდიდრებენ.

ჰანს იელუშეკი
ამერბუხი, 2006 წლის ნოემბერი.


იხილეთ ასევე