მეფისტოფელი

კლაუს მანი

₾ 34.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314568
გვერდები 464
ფორმატი 14.50/20.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
 
ეს რომანი ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს. სცენის აღიარებული ოსტატის ზომაგადასული პატივმოყვარეობა, კიდევ უფრო დიდი სახელისა და ფულის მოხვეჭისკენ სწრაფვა მას გადააწყვეტინებს, ეშმაკს (ანუ ხელისუფლებას) გაურიგდეს. ამ გარიგების შედეგად ჰიოფგენი ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და ერთხანს ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიან ფიგურადაც იქცევა. ეს გარემოება დიდწილად უკავშირდება მის პირად ნაცნობობას ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის ფუნქციონერთან, უწინარეს ყოვლისა კი თავად პრემიერმინისტრთან, რომელსაც ერთგვარად ეამაყება კიდეც ხელოვანთა წრის ცნობილ წარმომადგენლებთან „მეგობრობა“. ჰიოფგენი მხოლოდ გვიან ხვდება, რომ მეფისტოფელთან პაქტის დადებით „ხელისუფალთა მაიმუნად“, „მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარად“ იქცა.
 
ამ ნაწარმოების მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ მისი მაღალმხატვრული ღირსებით - იგი მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის გარემოება, რომ რომანი რამდენიმე ათეულ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის თითქმის ყველა ევროპულ ენაზე). „მეფისტოფელის“ პირველი ქართული გამოცემა უდავოდ დიდი საჩუქარი იქნება არა მარტო გერმანული ლიტერაrტურითა და მესამე რაიხის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ წიგნის ყველა მოყვარულისთვისაც.
 
გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ