გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482090 |
გვერდები | 119 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„დრომ ბევრი სიმაღლე ჩამოანგრია, პათეტიკა კი, ბუშტივით ჩაფუშული, სასაცილო ნიღბად აქცია ადამიანურ წარმოდგენაზე. ამის მიუხედავად, მაინც დარჩა სამყაროში თეთრი ხვრელები, საიდანაც წმინდა ხსენივით ჟონავს სინამდვილე და სხვას არაფერს არ ირევს, არ იკარებს.
პოეზიის გარდა. ამ მინერალურ პოეზიას კი, აუცილებლად გამოარჩევთ, იგრძნობთ, უფრო სწორედ, ის თვითონ პოულობს თავის მკითხველს, პოულობს და ისადგურებს მასში.
ეკა კვიციანის ლექსების კრებული პოეზიის ამ „სახეობაზე“ მაფიქრებს. საგულისხმოა, რომ ეს პოეტის პირველი კრებულია, დიდი ხნის ნაფიქრის და ნაცხოვრების მხატვრული გამოცდილება – უკიდურესი პასუხისმგებლობით, თვითკრიტიკული რეფლექსიით, პოეზიასა და მკითხველთან განდობილი სულიერი ვნებებით. ბევრი წერს სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული და პოეტი იშვიათად ცვლიან როლებს. ეს მხოლოდ მაშინ, როცა პოეტები რაიმე მსხვერპლზე მიდიან, როცა ეს გარდასახვა რაღაცის ფასად ხდება. ეკა კვიციანის პოეზიაც, უფრო სიყვარულის მონოლოგია პოეტის მიმართ, პირველ პირში სწორედ სიყვარული ლაპარაკობს და არა პოეტი.
ამგვარი გრადაციები დიდ შინაგან ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო თუკი სულის ფესვებს რაღაც გიმაგრებს, მაგალითად – მთა!.. მაშინ, „იღბლიან თავგანწირვასაც“ შეესწრება მკითხველი. ეკას სვანური წარმომავლობა მისსავე პოეზიას განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს და დიდი წინაპრების კულტურის, ტრადიციების, სულიერი ცხოვრების გამგრძელებლად გვევლინება.
ვისაც ნამდვილი ათინათებისთვის, ჭრილობებისთვის ან უფრო მძაფრი რამეებისთვის თვალის გასწორება უყვარს, ამ კრებულსაც შეიყვარებს.“
▫️ ნინო სადღობელაშვილი