სპაზმები. ჩვენი უცოდველობა, მამავ...

ზურა მესხი

₾ 13.60 ₾ 20.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316685
გვერდები 344
ფორმატი 13.50/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

24 წლის წინ თბილისის ლიტერატურულ სივრცეში მეტეორივით გაიელვა ზურა მესხის სახელმა და გაქრა: 1998 წელს გაზეთ „ალტერნატივაში“ გამოქვეყნებულმა, სწრაფად გახმაურებულმა მოთხრობამ „სპაზმები“ საზოგადოებას სახეში სილა გააწნა: დაუნდობლად დაუყენა თვალწინ არა მხოლოდ სიბნელესა და სიცივეში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდეალების სასაფლაოზე უპატრონოდ დაყრილი მოზარდების განწირულება. ამაო გამოდგა უცნობი ავტორის ძებნა: მისი ვინაობის დადგენის მცდელობები კვალს უარესად აბუნდოვანებდა. ზოგნი მოთხრობას ერთ-ორ ცნობილ მწერალს მიაწერდნენ, ზოგი ირწმუნებოდა, რომ ავტორი მკვდარი იყო.
 
და აი, 6 წლის შემდეგ, 2004 წელს, ისევ გაიელვა უკვე მითურმა ზურა მესხმა მცირე ზომის რომანით „... ჩვენი უცოდველობა, მამავ...“ და აქ უკვე გაწყდა ერისა და ბერის მოთმინების ძაფი: მავანნი ავტორის ანათემაზე გადაცემასაც კი მოითხოვდნენ, ზოგი მედიაც მუქარით იქნევდა თითს. მაგრამ ავტორი არ ჩანდა...
 
რადგანაც დღემდე არც ერთ მწერალს არ განუცხადებია საჯაროდ, რომ „ზურა მესხი“ მისი ფსევდონიმია, გამომცემლობაც, რომელიც მის ორივე ნაწარმოებს ერთად გთავაზობთ, საიდუმლოს საიდუმლოდ ტოვებს. წიგნს დართული განხილვები და რეცენზიები კარგად აჩვენებს ორივე ნაწარმოების ღრმა სიმბოლურობას, რაც მათ მკვეთრად განასხვავებს დღეს მომძლავრებული ლიტერატურული ნატურალიზმისა თუ დამთრგუნველი სოციალური რეალიზმის ფორმებისაგან.