მზის დაბნელება

არტურ კოესტლერი

₾ 12.00 ₾ 19.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312731
გვერდები 350
ფორმატი 20/14
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
 
არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ  იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ - იმას, თუ როგორ სჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც  ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.
 
ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა, რის მერეც ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
 
გერმანულიდან თარგმნა: გიორგი შატბერაშვილმა