გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487507 |
გვერდები | 228 |
ფორმატი | 14.5X18 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
საკუთარი თავის შეცნობის წყურვილით აღვსილი ადამიანები მხოლოდ ერთ სურვილს მიელტვიან, როგორმე იპოვონ უსასრულო სამყაროში ჩაკარგული თავიანთი სული. რა არის ეს სული? ვინ არის? რა სურს? სად არის? როგორია? როგორ მივიდეთ მასთან? რომელი მეგზური ავირჩიოთ?.. და მერე, სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა მოციქულის მიერ სხვადასხვანაირად გამოთქმული ამ ერთადერთი სურვილის გამო ერთმანეთს დაუსრულებლად ეკამათებიან, ებრძვიან, ამცირებენ, ხოცავენ.
რუმი იყო სულის მაძიებელთა უნივერსალური „თარჯიმანი“, აღრეულ მისტერიათა მომრიგებელი, მეგზური და მრჩეველი. რელიგიური ლიდერიცაა რუმი, მოძღვარიც,ღვთისმოშიშიც და უდიდესი მკრეხელიც. ჰიჯაბის მიღმა მიმალულ სრულიად შიშველ სხეულს ჰგავს რუმის ლექსების სექსუალურობა. გარედან შავი, გაუმჭვირვალე ფარდა აქვს ჩამოფარებული და ვერცერთი ფანატიკოსი შეედავება, მაგრამ მის მიღმა ისეთი ცხელი ვნება დუღს, სიმხურვალე სახეს აულეწავს ახლოს მისულ ცნობისმოყვარეს.
უზენაესი სრულყოფილება, ყველა კითხვის პასუხი ღმერთი თავად ადამიანში იპოვა რუმიმ. ადამიანის ტვინი ხომ ზუსტად ემთხვევა გალაქტიკის პარამეტრებს და შესაბამისად, საკმარისია საკუთარ გონებაში მოგზაურობა შევძლოთ, რომ სრულებითაც აღარ გახდება საჭირო რაკეტებით სივრცეში გასვლა. სამყაროს შესაცნობად საკმარისი იქნება ფიქრით გავაქროთ დროისა და სივრცის შეგრძნება.
სამყაროსავით უსასრულოა თავად რუმიც და ეს პატარა კრებული მხოლოდ მცდელობაა მისი სამანების მოჩხრეკისა. იმედი მაქვს, მკითხველიც სიამოვნებით აედევნება მოხეტიალე დერვიშთა ლანდების ქარავანს და ჩაიძირება სუფიათა ზიქრის თავბრუდამხვევ ექსტაზში. (ავტორის წინასიტყვაობიდან)