გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა

ნატო დავითაშვილი

₾ 16.00 ₾ 19.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941313905
გვერდები 676
ფორმატი 15/21
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა  ნატო დავითაშვილი

გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნატო დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც. როგორც ქრონიკების მეშვიდე წიგნი, ეს ბოლოა და ამით სრულდება იროელთა დიდი თავგადასავალი. თუმ­ცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა, ჯადოსნური გასაღები, რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება. „ამბავი ლილე იროელისა“, „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „აიას გზა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ – ექვსი წიგნი და ექვსი სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ. 
 
ფენტეზის მკითხველი საქართველოში იცნობს ნატო დავითაშვილს, იცნობს და ელოდება მის ახალ ტექსტებს; იცნობენ მის სიზუსტეს, ჟანრის ერთგულებას, შთამბეჭდავი ფენტეზის შექმნის მრავალმხრივ და დახვეწილ ხერხებს, ამიტომ მის წიგნებს ფენტეზის ქართულ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ნატო დავითაშვილის მკითხველმა იცის, რომ ქართული მითოსი ის საყრდენია, რაზეც „იროელთა ქრონიკების“ ყველაზე მოულოდნელი, ყველაზე ჯადოსნური თავგადასავლები დგას. ამბები და კავშირები, სტრუქტურა და არქიტექტურა – ყველაფერი, რაც უძველესი მითოსიდან ამოდის და თან ფენტეზის სრულიად თანამედროვე, უშეცდომო და ახალ სამყაროს ქმნის.  
 
რას ამხელენ და რას მალავენ მითები? ვის შეუძლია სტრიქონებს შორის საკრალურის და დაცულის პოვნა და ამოკრეფა? ვინ აბამს კავშირებს დამალულსა და გამქრალს შორის? როგორ შეიძლება გამოიხმო მკვლევრების ტექსტებსა თუ ბიბლიოთეკების საცავებში „გამომწყვდეული, დამტვერილი“ პერსონაჟები და ისინი თანამედროვე ფენტეზის ყველაზე ელვარე გმირებად აქციო? ვის შეუძლია ისეთი სიზუსტით შექმნას სრულიად ახალი სამყარო, რომ ეჭვიც არ შეგეპაროს მათ არსებობაში და ყოველ ნისლიან დღეს გაიფიქრო, ეს ნისლია თუ ხაშმების ახალი ამოსვლა?.. ეს მინიშნებები ყველასთვისაა: მათთვის, ვინც „იროელთა ქრონიკების“ ყველა წიგნი იცის და მოუთმენლად ელოდებოდა წრის შეკვრას და ეს მინიშნებები მასაც ეკუთვნის, ვისაც ქრონიკების ყველა წიგნი არ წაუკითხავს; დაბოლოს, ეს მინიშნებები განსაკუთრებით მისთვისაა, ვინც ახლა დაიწყებს... 
 
„გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ საუკეთესო დასაწყისია.“ – ელისო კაპანაძე