გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941478222 |
გვერდები | 112 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მეგობრებო, თქვენ წინაშეა დროის მანქანა. ღვედები კარგად გადაიჭირეთ, მთლად სანაქებო გზები არაა: მაშ ასე, პირველად იყო მიტინგი, სხვა რამეები მერე გაჩნდა. ეს ხომ 90-იანი წლებია – ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ცეცხლმოკიდებულ საბურავებზე შემომწკრივებული ბირჟავიკები, მოკოლორიტო ძველი ბიჭები, სვისტოკიანი მილიციელები და ჰალსტუხიანი ქურდები, ხელიდან წასული ყაჩაღები და ფეხიდან წამოსული ჟრუანტელ(ებ)ი, ალტერნატიული პოეზია და მთლად ალტერნატიული როკი...
პოლიტიკაც იყო. უფრო სწორად, ძირითადად, პოლიტიკა იყო. მამაჩემი მხრებზე შემისვამდა ხოლმე და მიტინგებზე დავყავდი. იყო დიდი შეძახილები, ყარაჩოხლური გამოსვლები, გაუ--მააარჯოს-ჯოს-ჯოს-ები, „გული გაიმაგრე, დავით“-ები და რაც მთავარია, გადაბმული, მონოტონური, ეგზალტაციური – ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!
პოლიტიკის პაუზებს შორის ვცხოვრობდით კიდეც. თავისებურად, რასაკვირველია.
მერე ტელევიზიები? თუმცა, არ ვარ დარწმუნებული მრავლბითში უნდა ვიხმარო ეს სიტყვა თუ არა? ყოველ შემთხვევაში, მედიაპლურალიზმს რომ არ მიჰქონდა ქვეყანა, ეგ კარგად მახსოვს. უღმერთოდ ძერსკი კარატისტები (ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ბრუს ლიც ალაგ-ალაგ) მთელ უბანს ან კვარტალს ცემაში სულს ამოხდიდნენ და ბოლოს შეყვარებულთან ერთად საფირმო „ჰიააა“-ს ძახილით ხელსაც დაგვიქნევდნენ ეკრანებიდან.
ვბაძავდით, გვიყვარდა... ჩაკიც, ვანიც, ბრუსიც და, თუ გაჭირდებოდა, დოლფ ლუნდგრენიც გვიყვარდა. იმ დროს სხვა ვინ უნდა გყვარებოდა! ტელევიზორში ან ეგენი იყვნენ ან მარკ რივკინი. ხოდა, გვიყვარდა ეგენი და არა რივკინი. ბოდიში, მარკ!
სინამდვილეში, როცა 90-იანებს ვიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი კი არა, სიმბოლოა, პირობითი ნიშანი, რომლითაც დროს კი არა, მდგომარეობას აღვნიშნავთ. უფრო ზუსტად, არასტაბილურად გარდამავალ მდგომარეობას.
ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან, 90-იანი წლები დაიწყო 80-იან წლებში, ქრონოლოგიურად და ონტოლოგიურად გადაიკვეთა 90-იანებში და დასრულდა 2000 წელს.
თუმცა, სანდო ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ვინც 90-იანები გამოიარა, იმათთვის ეგ დრო არ სრულდება. შევყევი. თუმცა, სხვანაირად არც გამოვიდოდა. გურამ წიბახაშვილის ეს ფოტოთრილერი „ზღვარზე“ ნამდვილი დროის მანქანაა, ბრუტალური 90-იანების სასტიკი გიდი.
ერთი 90-იანებამდელი მწერალი კი ამბობს, „არავინ იცის იმაზე მეტი, რის პოვნაც საჯარო ბიბლიოთეკის თაროებზე არ შეიძლებაო“, მაგრამ მწერლებს ნუ ენდობით. გურამ წიბახაშვილის ობიექტივმა იცის იმაზე მეტი, რასაც ვერც ერთ საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, 90-იანი წლების შესახებ ნამდვილად იცის, უეჭველად.
პაატა შამუგია
წიბახასეული ხედვა მავანი ხვლიკისას ჰგავს – პერიფერიულია. ზოგიერთი სურათი იმგვარია, თითქოს შეტრიალებული თვალითაა დანახული – სიპ ქვაზე განაბული ხვლიკის თვალით... ეს ხვლიკი სასაფლაოზე ცხოვრობს. ჯოისის რომანში სასაფლაოს ანუ „ჰადესის“ ეპიზოდის განწყობილება თითქოსდა მთელს ფოტო-სერიას გასდევს. ამ სურათებში ყოველივეს სიკვდილის ნიღაბი ადევს. ურბანისტულ გარემოში კი სიკვდილს თავისებური მოქალაქეობა აქვს: აქ იგი აღარ გვევლინება სიცოცხლის განახლების ეტაპად, როგორც რომ სამიწათმოქმედო თუ სამონადირეო კულტურებში. სიკვდილი ქალაქში უპირველესად თავისთავადი და უპირობო ფენომენია, რომელიც ყველას ერთნაირად ითრევს თავის როკვაში – ამ როკვას ფარანდოლა ერქმის. წიბახაც სწორედ ფოტო-ფარანდოლას ქმნის... სახეთა ნაკადი სახეთა წარმავლობაზე მეტყველებს, მეტიც – თავად ეს ინდივიდუალური სახენი მეტყველებენ თავიანთ წარმავლობაზე.
ზურაბ ქარუმიძე