გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941314322 |
გვერდები | 358 |
ფორმატი | 14.5/20 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ქორების მიწა
დიმიტრი წიკლაური მკითხველმა თავდაპირველად პოეზიით გაიცნო. თვითმყოფადი, ღონიერი და რელიგიური სიღრმით დამუხტული პოეტური ხმა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ავტორებისგან. ცოტა ხნის წინ ამ ხმამ პროზაული ფორმაც მოირგო და უცნაურ, იდუმალ ნოველებად იქცა.
„ქორების მიწა“ კი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ის მწერლის მხატვრულსულიერი გამოცდილების ერთგვარი ნაყოფია – არაკონვენციური ტექსტი, რომელშიც იმდენი სიბრძნეა, სენტენციებად, შეგონებებად, გნებავთ – სალოსური „პირისქარის“ მარგალიტებად გაბნეული, რომ გაგიჩნდებათ განცდა, თითქოს ეს წიგნი ჭეშმარიტების კარიბჭესთან იწერებოდა. თუმცა, ამ ტექსტის ღირსება, ამ საგანძურზე არანაკლებ, მასზე ერთგვარი ირონიაცაა, ეგზისტენციალური „სისულელის“ იმ ხარისხის მოხელთებაცაა, რომელიც სულ სხვა სულიერ პლანში წარმოაჩენს ყოველგვარ სიბრძნეს და ერთდროულად მისაღებს და სასურველს ხდის წარმავალის წინაშეც და მარადისობის პირისპირაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორის ღიმილი, რომელიც მთელი ტექსტის მანძილზე მკაფიოდ იგრძნობა, ასატანს ხდის თუნდაც ყველაზე ღრმა და რთულ საკითხებს, სიმსუბუქეს და სილაღეს სძენს რომანის მედიტაციურ სივრცეს.
იქნებ, სწორედ ეს ღიმილი უნდა იპოვოს და დახატოს მთავარმა გმირმა – თერთმეტი ტაძრის მომხატავმა ბეზარო ხატმწერმა, რომელიც ერთ პროვინციულ და ნაცრისფერ ქალაქში... გზის და მგზავრის თავგადასავალში ბევრი პერსონაჟია, ბევრი ამბავი და ხმა. ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად ერთი ანათებს – სალოსი ბერი მალქოზი, არა მხოლოდ დიმიტრი წიკლაურის, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის უკვე გამორჩეული პერსონაჟი... ამ აზრში დასარწმუნებლად, თუნდაც საკამათოდ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ.