
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 2009882604250 |
გვერდები | 52 |
ფორმატი | 21x30 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ისუნთქე. ივარჯიშე: უნდა ისუნთქო! ვერ უნდა ნახონ, ბრაზისგან და უმწეობისგან ცუდად რომ ხარ. არ უნდა წაიქცე! ხვალ რა იქნება? და დღეს? პატრულის ციმციმა თვალს გტკენს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხვალ. დღესაც. დაკავების მერე აშიშვლებენ. თვალებში ზაფრა არ შეგატყონ! ისუნთქე. გაუძლებ? პირველად ხომ არ დაეცემი ისე, ადგომის ღონეც რომ გერთმევა. წამოდგები. ისევ ისინი დაგეხმარებიან, მკვდრები. მერაბმა შეძლო. შენც უნდა შეძლო. ცოტას დაისვენებ კიდეც. თავიდან ვერა. უნდა ისუნთქო! შეიძლება შინ მოვიდნენ. ჩემს სამკაულებსაც წაიღებენ? გეკითხება და. ალბათ, მხრებს იჩეჩ და ფიქრობ, განა არსებობს ისეთი ადგილი სახლში, სადაც სამკაულებს დამალავ და მათი ბინძური ხელებისგან დაცული იქნება?! ბავშვის ნივთებს გადმოყრიან, დააზიანებენ. ისუნთქე! ახლებს უყიდი. მოკვდები და მაინც უყიდი ყველაფერს თავიდან. მაგრამ მის სიბრაზეს, მის ნერვიულობას უშველი? მაშინ რომ ჩხრეკდნენ სახლს, როცა კიბეზე ამოვა და კარს შემოაღებს? ძაღლის საბელს მიაჩეჩებ და სთხოვ, ძალით გააგდებ, ეტყვი, რომ მანამდე იყვნენ ეზოში, სანამ არ დაურეკავთ. როგორ დაივიწყებს, როცა ბილწ სიტყვებს გესვრიან? გახარებულმა წიქარამ გააქროლა ვაჟი სხვა ადგილას, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი... უკვე შეუთანხმდი, უშენოდ უნდა იმეცადინოს, უშენოდ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც აქამდე ერთად აკეთებდით. შეუძლია, დიდი ბიჭია! შეიძლება არც მოხდეს ასე, მაგრამ კაცმა არ იცის... წიგნებს შემოგიგზავნიან. იმედს არ გაგიმტყუნებენ. იქნებ თავი მოაბა კიდეც იმ საქმეებს, რასაც ყოველდღიურობა არ გაცდის. იქვეა მოსასაქმებელი. დანარჩენების თვალწინ. ცხვირწინ. ყოფის სიშიშვლე. რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. ძაღლს ვინ გაანებივრებს? როგორი რბილია და ფაფუკი. ჩემ თვალწინ რომ სცემონ? კი ამბობს დედა, არ მიყვარსო, მაგრამ როცა არ იქნები, ზუსტად შენსავით გაუყოფს ლუკმას. თავის ლოგინზე ასვლის უფლებასაც მისცემს. მისი მონატრების დარდის დანახვისაც ყოველ ჯერზე შვილი გაახსენდება. მიგიხედავენ. გაუძლებ? უნდა გაუძლო! ახალი პერანგია. ჯერ ჩაცმის დრო არ დამდგარა. როცა გავიმარჯვებთ, მერე. თუ შემოვლენ, აუცილებლად ხელს გააყოლებენ. მარკას ხსნი. ნახმარი არ ენდომებათ. მტკიცედ სდგაა? ნუ იყოფინ ჩემდა! აბაზანაში ონკანს უშვებ. ეპილაცია ხომ არ გაიკეთო? რამდენი ხანი... თუ ოთხი წელი მოგიწევს, რაღა საჭიროა? მაქსიმუმ რამდენი იქნება ნეტა... ყველაზე ცუდ ვარიანტში, 7, 8... არა, რამდენიმე თვე, მერე გავიმარჯვებთ და იქ 2025 | 5 (19) 9 771512 444026 #19 მაისი ნატო გორდელაძე ვინღა დაგტოვებს. პაემნებზე გაუძლებ დედის ნახვას? ტელეფონის ზარს პირველივე ჯერზე თუ არ უპასუხებ, უკვე გიჟს ჰგავს, მოასწრო და ათასი უბედურება წარმოიდგინა. რა ტანჯვა ედგება თვალებში! გაუძლებ, ვითომ? ნიადაგმცა ჩემებრ... კარგია, რომ თბილი შარვლები იყიდე აქციებისთვის. გამოგადგება. იქ ეციება. უჩემოდ რა ეშველებათ. ნეტა რამდენ ხანში ერთხელ იბანენ? ფრჩხილები ძირში უნდა დაიჭრა. ვინ იცის, კიდევ როდის გექნება ამის შესაძლებლობა. თმას იღებავენ ხოლმე? რეცხვა ვერაფრით ისწავლე. იქ ხელით რეცხავენ? შუაღამისას თუ მოვლენ და კრიმინალივით მოგიბრახუნებენ კარზე? ისე, როგორც ფილმებში გინახავს. როგორ უნდა დაამშვიდო საკუთარის თავის იქით კიდევ სამი ადამიანი და ძაღლი, რომელიც ძაღლზე მეტია. სიყვარულით გიდებს კალთაში თავს და ნუკრისფერი წარბების ქვემოდან გიყურებს. გაზეპირებული საალერსო კითხვა გადგება ენაზე – ვინ გაგაჩინა ასეთი ლამაზი? ის იტყოდა: ვინ დაგბადა... შიში რომ ჩაგიდგეს თვალებში? რას იზამ, წინასწარ ვერ ივარჯიშებ. ისეთია შენი ქვეყანა, მზესავით თბილი, მოსიყვარულე, გულუბრყვილო, მაგრამ თავის მოგიჟიანებაც იცის. მაშინ, როცა აღარ ელიან. გაჯიუტება და გაჯიქება. საჭირო წამამდე შემალულია მისი ამბოხი. ჰგავხარ? ჰგავხარ. ერთი ნაცნობი წავიდა. მეორე ემზადება. სხვაც გეგმავს. სად წაიყვან სადაურსა. შენც ხომ არ... არა. კატეგორიულად არა. თვითონაც იცი, იმათ გზას გაჰყვები, ვინც მონატრების ტკივილმა მოკლა. კეთილისმსურველსაც ენდომება ნახვა. ახლობელი მოვძებნე, მხოლოდ უნდა მოინანიო... უარს იტყვი შეხვედრაზე თუ მიხვალ და პირში მიახლი სათქმელს? 9 იწყება. წასვლის დროა. შავი ქურთუკი, შავი ჰუდი, შავი კეპი. საცვალიც შავი? ქუდს იღებ. ევროკავშირის დროშას კუთხე უშიშვლდება. ქვისგამხეთქი ნივთმტკიცებულება. წაიღებენ. კიდევ იყიდი, მაგრამ ეს სხვაა... მეგობარმა გაჩუქა. სასტვენს ბღუჯავ. ერთ მხარეს ევროკავშირის ვარსკვლავები ანათებს, მეორე მხარე ხუთჯვრიანია. თანამებრძოლისგან თანამებრძოლებისთვის დამზადებული. მგზავრობის საფასურს არ იხდი. პროტესტი სავალდებულოა. თავისუფალი სკამებია. არ ჯდები. გღრღნის უბილეთობა. მეფეების ისტორიაა?.. არა, ჯვარცმის და მკვდრეთით აღდგომის ისტორია. ხეებს ფურცელიც რომ არ შეარჩინეს და აღდგა. ვაჰ, სოფელო... გაქრობის პირას იყო და აღდგა. რას გვაბრუნებ... თავისუფლების დაუძლეველი სიყვარულის ისტორიაა. ის როგორ არის? მაგრამ ღმერთი არ გასწირავს! გამარჯვებას დრო დასჭირდება. მაგრამ მაინც ახლა გინდა. ახლა. მალევე