გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 97715124440264 |
გვერდები | 52 |
ფორმატი | 21/29.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...“
ჟურნალის ეს ნომერი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი გამოვიდა, ალბათ ჩვენი მკითხველიც გვერდების გადაფურცვლისას ამას შენიშნავს. მრავალფეროვანი ჟურნალიც ლამაზია და ქვეყანაც ლამაზია მრავალფეროვანი, ეს არის სიმდიდრეცა და ხიბლიც. სხვა ყველაფერთან ერთად, უპირველესად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი მტერი ამ მრავალფეროვნებას ებრძვის.
ეს სიჭრელე, მრავალი ხმა, პოლიფონია, მრავალი ფერი აღიზიანებს მტერსაც და მათ სამსახურში ჩამდგარ ხელისუფალსაც, რომელმაც განიზრახა, რომ სხვადასხვა გზითა და მცდელობით საკუთარი ქვეყნის მომავალი გაანადგუროს და კიდევ ერთხელ სცადოს, სისხლით მოპოვებული თავისუფლება წაართვას ხალხს.
ახლა როცა ყველა განსხვავებული ერთად ვდგავართ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ჩვენი მომავალი თაობების უკეთესი დღეებისთვის, განსაკუთრებული ფასი ედება ყველა ადამიანის, მოქალაქის სიტყვას და ბრძოლაში მონაწილეობას, სცენიდან ნათქვამს, ნამღერს, ახალ სტრიქონს, სტუდენტურ ხმას, სპორტულ გამარჯვებას, ყველაფერს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს, სხვანაირი გამხნევების და სოლიდარობის, გაერთიანების გემო!
ერთი წლის წინ ყველამ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ჩვენი ბრძოლის სამართლიანობა, ჰოდა, ეს ომი ჯერ ბოლომდე არ მოგვიგია. ამ ბრძოლის წინა ხაზზე ისევ ვიდგებით მწერლები ბესიკ ხარანაულის სტრიქონებით:
„სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
- ყულაბებში გადასვრილი მოთხრობები, ინტერვიუ არჩილ ქიქოძესთან | ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე
- ალეკო შუღლაძე, ობი
- ანნა ჯავახიშვილი, ახალი ლექსები
- ლელა კურტანიძე, საკუთარი წარსულიდან აღდგები და სხვა
- დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
- ბუბა კუდავა, გარდაცვალების გეოგრაფია
- უილიამ გონსალესი, ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში მღელვარებითა და უკრაინის მხარდაჭერით მოდის
- მარიამო ჯანელიძე, მსუბუქად შემოდის პიკოკი | წერილი ზაზა ბურჭულაძის რომანზე „ჩემი სიმღერა“
- ტრუმან კაპოტე, ჰერცოგი თავის სამფლობელოში | ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
- საადი შირაზელი, ბუსთანიდან | სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
- გარეკანის ბოლო გვერდზე – ბესიკ ხარანაულის ლექსი „შენია სული საქართველოსი“
გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო