
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941318443 |
გვერდები | 118 |
ფორმატი | 12,5*18 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ნუცა ღოღობერიძე – ეს სახელი და გვარი, უპირველესად, ასოცირდება პირველ ქართველ ქალ კინორეჟისორთან, რომელიც 25 წლის ასაკში გახდა მხატვრული ფილმის პირველი დამდგმელი ქალი საბჭოთა კავშირში.
ნუცა ღოღობერიძემ 10 წელი გადასახლებაში გაატარა, იქიდან დაბრუნებულს კი აღარასდროს უხსენებია საკუთარი ფილმები.
სამაგიეროდ, მან წერა დაიწყო და კინოს ნაცვლად, ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფაზე ლიტერატურის საშუალებით გვიამბო.„ვალსი პეჩორაზე“ 6 მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც დოკუმენტური სიზუსტითა და მწერლური ოსტატობით აღწერს ნუცა ღოღობერიძის განვლილ გზას გადასახლებიდან სახლში დაბრუნებამდე; ამასთანავე, ეს პატარა წიგნი გვიყვება ადამიანის ყველაზე უნიკალურ უნარზე, რომ მაშინაც კი, როდესაც ცხოვრება სავსეა განსაცდელითა და სასოწარკვეთით, მომავალი კი შესაძლოა არასდროს დადგეს, ადამიანს მაინც შეუძლია გამოხატოს სხვათა მიმართ თანაგრძნობა, იყოს სხვისი ტკივილის გამზიარებელი და გაუძლოს ყველაფერს, შეუძლებელსაც კი.
გავიდა დრო, და როგორც ამ წიგნის შესავალში ნუცა ღოღობერიძის შვილი, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს, მრავალწლიანი ძიების შემდეგ მოხდა დაუჯერებელი რამ: მოსკოვში, ერთ უძველეს ფილმსაცავში ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა“ აღმოჩნდა! რამდენიმე წლის შემდეგ ძებნამ კიდევ ერთი შედეგი გამოიღო – ეკრანებს დაუბრუნდა „უჟმური“. და მოხდა სასწაული: ფილმებმა მთელი მსოფლიო მოიარეს, ნიუ-იორკიდან ტოკიომდე, ბერლინის არსენალის, ბოლონიის ფესტივალისა და პარიზის სინემატეკამდე. ამ წიგნით კი ჩვენ ნუცა ღოღობერიძეს ქართველ მკითხველს ვუბრუნებთ.
„არქიპელაგი გულაგი“ – ეს ჩემი ქვეყანაა, მე იქ ათი წელი ვიცხოვრე“ - უთქვამს ნუცა ღოღობერიძეს შვილისთვის ალექსანდრ სოლჟენიცინის წიგნის წაკითხვის შემდეგ. „ვალსი პეჩორაზე“ სოლჟენიცინის წარმოსახვით შექმნილი, ამავე დროს, საბჭოთა რეალობის ყველაზე შემზარავი მხარის ამსახველი სიტყვათაწყობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი აღმწერია, რომელიც, როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, დიდი სიფაქიზითა და ჰუმანურობითაა სავსე.