გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494659
გვერდები 232
ფორმატი 20x28
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„წერა-კითხვის ლაბორატორია“ დამხმარე სახელმძღვანელოა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მოზარდებს ტექსტის კითხვა და წერა გაუადვილოს, თუმცა მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ყველას დაეხმარება – მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და მშობელსაც, რადგანაც მას კარად შერჩეული თემატური საკითხები, მრავალფეროვანი, მოზარდების ინტერესებზე მორგებული დავალებები; პრაქტიკული რჩევებისა და მარტივი ინსტრუქციების სიუხვე გამოარჩევს.
 
დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა ინფორმაციის მიღების საშუალებები ასეთი მრავალფეროვანია, აუცილებელი გახდა, რომ სახელმძღვანელოების სტრუქტურა და შინაარსი არამხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს ითვალისწინებდეს, არამედ თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურობასაც ერგებოდეს.
 
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდს სწავლის მიზანი გაცნობიერებული ჰქონდეს – ზუსტად იცოდეს, რისთვის დასჭირდება და რაში გამოადგება ის ცოდნა, რომლის მიღებისთვისაც ძალისხმევას ხარჯავს.
 
– როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე?
– როგორ დავწეროთ პროექტი?
– როგორ დავწეროთ რეცენზია?
– როგორ ვისწავლოთ შემოქმედებითი წერა?
 
ამ და სხვა კითხვებზე შეგიძლიათ იმუშაოთ „წერა-კითხვის ლაბორატორიის“ საშუალებით, პარალელურად ქართული და უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გაეცნოთ და სწავლის პროცესი სახალისო დავალებების შესრულებით გაიმრავალფეროვნოთ.
 
წიგნში წარმოდგენილი 11 თემატური თავი ერთმანეთთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს აერთიანებს. მაგალითად, პროექტის წერის თავში ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის საქმიანობის გაცნობის კვალდაკვალ არის მოცემული ის პრაქტიკული რჩევები და მზა ნიმუშები, რომლებიც მოზარდებს პროექტის წერას შეასწავლის; გრამატიკული საკითხებიც შესაბამისადაა შერჩეული: რიცხვითი სახელების მართლწერა და რთული წინადადების პრობლემები.
 
წიგნის ბოლო გვერდებზე მოზარდებისთვის განკუთვნილ მხატვრული ნაწარმოებების მოზრდილ სიასაც ნახავთ, რომელშიც ყველანაირი ინტერესისა და გემოვნების მკითხველი იპოვის სასურველ საკითხავს.