ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)

პუბლიუს ვერგილიუს მარო

₾ 13.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487378
გვერდები 144
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ლათინურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა

 

ვერგილიუსის „ბუკოლიკები“ ათი ეკლოგისგან შედგება (ეკლოგა „რჩეულს“ ნიშნავდა), ისინი ერთიანდებიან ერთი განწყობის მეშვეობით, თუმცა რამდენიმე მათგანი აშკარად განსხვავდება მწყემსური სიმღერებისგან და საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ეკლოგებს ერთი საზომი – დაქტილური ჰეგზამეტრი აერთიანებს, ყველა ეკლოგა ამ საზომითაა გამართული. ვერგილიუსის „ბუკოლიკები“ პასტორალურ, მწყემსურ ცხოვრებას გვიხატავს, ბუნებასთან ახლოს ყოფნის ჭირსა და ლხინს, დღიურ წვრილმანებს, პოეტურ შეჯიბრებებს, შიგადაშიგ სასიყვარულო ურთიერთობებს.

 

ეს ეკლოგები თუმცა პოეტის ყველაზე ადრეული ქმნილებებია, მაგრამ აქაც, ვფიქრობ, ნაწარმოების მთავარი ღირსება ენობრივ სიბრტყეზე დევს. ცხადია, სოფელი და სოფლური შრომისა და გართობის განწყობილებები ვერგილიუსისთვის ძალზე ახლობელია, მაგრამ ყოველივე ამას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მთავარია, სტრიქონი მაქსიმალურად აივსოს ენერგიითა და მოძრაობით, მისთვის მთავარია (განსხვავებით თეოკრიტოსისაგან, რომლის „იდილიების“ თავისუფალ თარგმანს ხშირად წარმოადგენს „ეკლოგების“ ცალკეული პასაჟები) სიტყვების ერთმანეთთან კავშირი, მათი მიზიდულობა და განზიდულობა, გვირისტი თუ ვარაყი...
 


რაც შეეხება ქართულ თარგმანს, საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანტიკური პოეზიის თარგმნისას გარკვეულ სირთულეს ქმნის ქართულ ენაზე დაქტილური ჰეგზამეტრის შესატყვისი სალექსო საზომის არარსებობა; ხელოვნური საზომები ძალზე იშვიათად ამართლებს, თოთხმეტმარცვლოვანი ბესიკური კი, რომელიც თარგმანში ყველაზე ხშირად გამოიყენება, ამ შემთხვევაში ინტონაციურად სრულიად შეუსაბამოა, სულ სხვა ჟანრული ინერცია ახლავს. ჩვენ მიერ არჩეული ჩვიდმეტმარცვლოვანი საზომი, მართალია, ჰეგზამეტრს პირობითად შეესაბამება, მაგრამ ზოგი რამ მაინც საერთოა: ესეც ჩვიდმეტმარცვლოვანია (ბერძნულ-ლათინურში უკადანსო გრძელი ხმოვანი ორად ითვლება), აუცილებელი ქორეთი ბოლოვდება და კადანსების რიცხვიც უმეტესად იგივეა. და კიდევ, რაც მთავარია, ნიშანდობლივ სხვა ჟანრებს არ გვახსენებს. (მთარგმნელის წინასიტყვაობიდან)