ეროსიდან ეროტიზმამდე

ნონა კუპრეიშვილი

₾ 10.00

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 36985214778
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ნონა კუპრეიშვილის წიგნში, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ასახული ეროტიზმის გააზრების ერთ-ერთი პირველცდაა, მკითხველს საშუალება ექნება ქართული მწერლობის ისტორიის გარკვეულ ლოკალში თვალი მიადევნოს წითელ ხაზად, ერთგვარ ლაიტმოტივად გავლებული ეროთემის განვითარებას. ამ ჭრილში კი არაერთი კარგად ნაცნობი ტექსტიც და ავტორიც განსხვავებული რაკურსით წარმოგვიდგება, მაგ.: ალექსანდრე ყაზბეგი, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ცისფერყანწელები, რომ არაფერი ვთქვათ რუსთაველზე, გურამიშვილსა და ბარათაშვილზე.

 

„ეროტიზმის მრავალმხრივი ბუნების შესახებ საუბრისა თუ მისი კვლევის ტაბუირებაში, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი როლი შეასრულა საბჭოთა პერიოდმა, რომელიც არა რეალური პრობლემების ინსპირირებით, არამედ იდეოლოგიის „მკვდარი ბუნებით“ იყო მოტივირებული. ამ მხრივ განსაკუთრებით სიმპტომატური გამოდგა XX საუკუნის 20-იანი წლები, როდესაც მასებით მანიპულირების მექანიზმებს შორის ადამიანის ინტიმური ცხოვრებაც აღმოჩნდა. თავდაპირველად წიგნის ავტორის ინტერესიც ეროტიზმის (მასთან ერთად კი სექსუალობისა და სიყვარულის) სახის უკიდურესად დამახინჯების, მისი ვულგარიზაციის ფართოდ გავრცელებულმა სწორედ მაშინ დანერგილმა პრაქტიკამ გამოიწვია. ოფიციოზს დაქვემდებარებული ე. წ. მწერალი-ფლუგელებისგან განსხვავებით (მაგ.: კ. ლორთქიფანიძე), ევროპულ მოდერნისტულ ესთეტიკასა და აზროვნებას ნაზიარები მწერალი-რეფორმატორები (გრ. რობაქიძე, ცისფერყანწელები, კ. გამსახურდია, მ. ჯავახიშვილი) ახალი მხატვრული აზროვნების პოზიციებიდან ხვეწდნენ საკუთარი წარმოსახვის უნარს, რათა ეროტიზმის მხატვრული რეპრეზენტირების ქართული ვარიანტი შეექმნათ. ეს პროცესი, საბედნიეროდ, წარმატებით ხორციელდებოდა კიდეც არა მარტო მწერლობაში, არამედ მუსიკაში, მხატვრობასა და სახვითი ხელოვნების სხვა დარგებში.

 

თუ დავაკვირდებით, ყოველდღიურობიდან მგრძნობელობის განდევნამ ნანატრ თავისუფლებასთან ერთად სიყვარულის ენის მოწყვლადობა, მისგან ჩვენი უკიდურესი გაუცხოება გამოიწვია. ამან კი, თავის მხრივ, მხოლოდ გაამძაფრა ადამიანის მარტოობა. ლიტერატურული ტექსტის ეროტიკული პლასტის შესახებ პროფესიული საუბრის დაწყებამ კი (რაც კვლევის ახალი სფეროს, ეროტოლოგიის, შექმნის წინაპირობაცაა), შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში სერიოზული კორექტივები შეიტანოს...“ (ავტორის შესავალი წერილიდან)